ადვოკატი იმედოვნებს, რომ მორატორიუმის მიუხედავად, პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამონაკლისის სახით შეიწყალებს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს მოკლე დროში, გამონაკლისის სახით შეიწყალებს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, მისთვის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, რამიშვილის განმარტებით, მას საპატრიარქოდან არავინ შეხმიანებია.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ მიიღო წმინდა სინოდმა ეს გადაწყვეტილება დეკანოზის წერილის გასაჯაროების შიშით, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ვერსიას არ იზიარებს.
„საქართველოში ძალიან ხშირად ხდება გამონაკლისი შემთხვევა. არ არის გამორიცხული და მე ვიმედოვნებ, ეს არ დარჩება მხოლოდ განცხადებად, შესაბამისად, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონის თანახმად უნდა იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმია და მიდის კრიტერიუმების შესწორება, სიტუაცია არის განსაკუთრებული და პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, იმოქმედოს შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე გამოძიებას დიდი ნდობა გამოუცხადა სასულიერო პირების ნაწილმა, დღეს მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ის სასულიერო პირები, რომლებმაც ინახულეს დეკანოზი, ცალსახად მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ. დადგა დრო და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო, აუცილებლად უნდა წარდგეს წმინდა სინოდის წინ, როგორც მას სურს და მისი მოთხოვნა იყო ყოველთვის, ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს ყველაფერს ფარდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ყველამ პასუხი აგოს იმ უკანონობაზე, რაც დეკანოზის წინაშე განახორციელეს. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ამ ქვეყანაზე არასდროს არაფერი დამალულა, რომ არ გაცხადდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის წინ მთელი ერი და სარწმუნოება დგას, ვთვლი, რომ ღმერთის ნებით მოხდა ეს გადაწყვეტილება, შემთხვევითობას ვერ დავარქმევ. ვერ მივიღებ გარკვეულ კომენტარებს, რომ დეკანოზმა გამოიყენა წერილი, არ მგონია. დეკანოზს ჰქონდა ძალიან ღირსეული პოზიცია, რომ მას მხოლოდ სურდა წმინდა სინოდის წინაშე წარდგომა და ალბათ მათაც გაითავისეს, რა მნიშვნელოვანია ის, რაც მისი მოკვლევის დროს დადგინდა კორუფციის შესახებ. გამოიკვლიონ ყველაფერი, პროკურატურას რომ უსმენდნენ, ჩვენთვის არასდროს მოუსმენიათ და მოვიდა დრო, ჩვენც მოგვისმინონ. დავალაგებთ ყველაფერს, ვინ ვისგან რას ელოდებოდა და სამართლებრივად იქნება გასაგები ყველასთვის“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ოფიციალურად წმინდა სინოდის სხდომის განჩინება არ გამოქვეყნებულა, თუცა ჭყონდიდის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ უშუამდგომლოს.