ადვოკატი - იარაღის არსებობას მალხაზ კობაურიც არ უარყოფს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა
ადვოკატი - იარაღის არსებობას მალხაზ კობაურიც არ უარყოფს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა

ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რომელიც კობაურის ბრალეულობას დაადასტურებს.

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, საქმიდან იარაღი ამოღებულია, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ დანაშაული მალხაზ კობაურმა ჩაიდინა.

„დღეის მდგომარეობით, არათუ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, არამედ არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია მალხაზ კობაურის მხრიდან.

ეს დამტკიცდა იგივე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. მათ შორის, ეს ეხება იგივე ლორა სმიტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე რაიან მაიკ სმიტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

იარაღის არსებობას თავად მალხაზ კობაურიც არ უარყოფს. იარაღი ამოღებულია, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. ამაზე არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს“,- განაცხადა კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.