ადვოკატი - არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს
ადვოკატი - არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა მისული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ამის შემდეგ სიტყვით ისარგებლებენ ბრალდებულები. ასევე, იქნება მხარეებს შორის რეპლიკების ეტაპი. ამ ყველაფრის შემდეგ, მოსამართლემ უკვე განაჩენი უნდა გამოაცხადოს, თუმცა სავარაუდოდ ეს დღევანდელ სხდომაზე ვერ მოესწრება. ასევე, სავარაუდოდ, მოსამართლე სათათბიროდ გავა, რათა განაჩენი მიიღოს.

ადვოკატების თქმით, ამ საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ ეპიზოდზე ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენი იქნება.

„ჩვენ შევეხებით ყველა მტკიცებულებას, ყველა ექსპერტიზის დასკვნას, ყველა იმ მოწმის დაკითხვას, რაც პროცესზე გამოიკვლიეს. აღვნიშნავთ სასამართლოს წინაშე, რომ არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი სასამართლო სხდომებზე, რომელიც უშუალოდ დაადასტურებს არასრულწლოვნების და ბრალდებულების შემხებლობას გიორგი შაქარაშვილთან. არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ გარდაცვლილთან შემხებლობა. ერთი მოწმეც არ წარმოუდგენიათ, რომელიც იტყოდა, რომ სადაც ე.წ. შემთხვევის ადგილი აქვთ მონიშნული, იქ მოხდა ჩხუბი, რომ ვინმემ სცემა გიორგი შაქარაშვილს და ჩააგდო წყალში. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის. შესაბამისად, ყველა ამ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მიუთითებს სასამართლოს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს. იმის ფონზე, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორ შეიძლება ამ საქმეზე რაიმე სახით ვიფიქროთ, რომ სასამართლომ მიიღოს გამამატყუნებელი განაჩენი“,- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.

დატოვე კომენტარი