ადვოკატი - გიორგი რურუას მიმართ არა საგამოძიებო მოქმედებები, არამედ პირადი ნივთების მოპარვა განხორციელდა, რაც დანაშაულს წარმოადგენს
ადვოკატი - გიორგი რურუას მიმართ არა საგამოძიებო მოქმედებები, არამედ პირადი ნივთების მოპარვა განხორციელდა, რაც დანაშაულს წარმოადგენს

ნივთების ამოღების მიზანი იყო რურუასთვის ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება, – ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, 3 იანვარს გიორგი რურუას საკანში სამართალდამცველების მხრიდან მოხდა მისი პირადი ნივთების მოპარვა.

„გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები ცალსახად ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ისინი შედიან გიორგი რურუას საკანში, ძალადობენ მასზე და იპარავენ მის პირად ნივთებს. იპარავენ ისე, რომ არ ადგენენ არანაირ დოკუმენტაციას, არ ლუქავენ ამ ნივთებს და არ აკეთებენ ხელმოწერას ლუქებზე, მოგვიანებით აყალბებენ დოკუმენტს. კადრებში ჩანს, რომ სინამდვილეში ეს არ არის საგამოძიებო მოქმედება, არამედ ეს არის პირადი ნივთების მოპარვა, რაც დანაშაულს წარმოადგენს. ვიდეომასალაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც რეალურად მოწოდებას შეიცავდა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ დაავალა პროკურატურას პროცესზე რამდენჯერმე, რომ გაერკვია როგორ ხდებოდა რურუასგან დნმ-ის აღება, თუმცა დღემდე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება. თუ ამ საქმეში ვინმე არის დამნაშავე, არის ზუსტადაც პოლიციელები და პროკურორები შესაბამისად, საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ ახდენენ. ახლა სახელმწიფო ინსპექტორმაც უნდა მოახდინოს რეაგირება და ეს კადრები უკვე საფუძველია გამოძიების დასაწყებად“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ნივთების ამოღების მიზანი იყო რურუასთვის ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება.

„ეს კადრები გადაღებულია 3 იანვარს, როდესც დაგვირეკა გამომძიებელმა და შეგვითანხმა პირადი ნივთების ამოღებაზე. ადვოკატი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ 6 იანვარს შევიდოდით ერთად და მოხდებოდა რურუას პირადი ნივთების ამოღება, თუმცა პოლიცია მალულად 3 იანვარს შევიდა გიორგის საკანში და სადაც დამონტაჟებულია კამერა. ეს კადრები არის ავთენტური და ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურორის თქმით, გიორგი რურუასთან საგამოძიებო მოქმედება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

„3 იანვარს მომხდარ და განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებაზე განვმარტავ, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გადაღებული კადრები, მოპოვებული ნივთმტკიცებები და წერილობითი დოკუმენტაცია, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს საერთოდ არ აქვს წერილობით მტკიცებულებებში წარმოდგენილი, შესაბამისად, ამ მტკიცებულებების გამოკვლევა საერთოდ არ ხდება ბრალდების მხრიდან. მოცემულ საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინების საფუძველზე და შესაბამისად ხდება პროპორციული იძულების ღონისძიების გამოყენება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 17 თებერვალს გაგრძელდება.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.