ადვოკატი - გიორგი მერაბიშვილს იარაღთან დაკავშირებით ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია
ადვოკატი - გიორგი მერაბიშვილს იარაღთან დაკავშირებით ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია

გლდანის რაიონში გუშინ დაკავებული პირის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ხელყუმბარასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და სინამდვილეში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელყუმბარა არ ჰქონია.

მისივე თქმით, დაკავებულისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი მერაბიშვილს იარაღთან დაკავშირებით ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან, როგორც თამარ აბესაძე განმარტავს, მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია.

„ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს, ალბათ, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალს ვერ წაუყენებენ. გიორგი მერაბიშვილის მოთხოვნა იყო, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, სწორედ მე მივსულიყავი იქ პირველად და შემდგომში უკვე პოლიციას მშვიდობიანად გაყვებოდა. ხელყუმბარასთან დაკავშირებით გაჟღერდა ინფორმაცია, მაგრამ არ დადასტურდა, ეს იყო ცრუ ინფორმაცია. როდესაც მე შევედი, გიორგი მერაბიშვილი ხელაწეული იდგა პოლიციასთან. პოლიციის მხრიდან კანონდარღვევას, რასაც ეჭვობდა გიორგი მერაბიშვილი, ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განმარტებით, ვიდრე ადგილზე თავად მივიდოდა, ხელყუმბარის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გაჟღერდა.

„თავად პოლიციას ჰქონდა სავარაუდოდ ინფორმაცია, რომ ხელში ეჭირა ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში. როდესაც პირველი შევედი, ისიც ვიცოდი, რომ არანაირ ზიანს არ მომაყენებდა გიორგი მერაბიშვილი, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, მეგობრები და ახლობლები ვართ. მას სურდა, მე დავსწრებოდი, სანამ პოლიცია დააკავებდა. როდესაც შევედი, ხელებაწეული იდგა და კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია, იარაღთან დაკავშირებით ბრალს  ვერ წაუყენებენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

თამარ აბესაძის განცხადებით, მათ არ აქვთ მასალები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ გიორგი მერაბიშვილმა ვინმეს მიმართ განახორციელა მუქარა.

„რაც შეეხება მუქარას, თუ რამე მყარი მტკიცებულება არის საქმეში, შესაძლებელია, მაგ კუთხით ბრალი წაუყენონ, ოღონდ, ჯერ სტატსუსი არ აქვს და უბრალოდ დაკავებული პირია. ჩვენ არ გვაქვს მასალები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ვინმეს მიმართ განახორციელა მუქარა, ვინაიდან ოჯახური კონფლიქტი იყო და მოგეხსენებათ, ოჯახურ კონფლიქტებზე დღეს აღარ ირკვევა ტყუილი შეტყობინებაა, თუ მართალი. გიორგი მერაბიშვილს მიუვიდა ინფორმაცია, რომ ის უნდა დაეკავებინა პოლიციას. გიორგი მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ადვოკატი ყოფილიყო მასთან ერთად, ვიდრე პოლიცია წაიყვანდა.

რაც შეეხეება იმას, რომ ვინმეს მიაყენებდა დაზიანებას და ან მოქმედებაში მოიყვანდა რამე სახის მოწყობილობას, ჩვენი იქ მისვლის დროს ეს არ დადასტურდა. უბრალოდ, გიორგი მერაბიშვილმა თავი დაიზღვია, რომ ადვოკატი ყავდა თავის გვერდით. მე ვერ ჩავთვლი ამას მუქარად – ჩემი მისვლის დროს ის ითხოვდა უბრალოდ მისი მეუღლის ნახვას, ჰქონდა სურვილი, რომ მას დალაპარაკებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით დაწყებულია გამოძიება.

„გამოძიება დაადგენს, რამდენად არის ეს დანაშაული მტკიცებადი და რამდენად შეიძლება იყოს ბრალის წარდგენის საფუძველი. შემაკავებელი ორდერი ძალიან ადრე ჰქონდა, მაგრამ დღეს სამართლებრივი დატვირთვა არ აქვს, არანაირი დამამძიმებელი გარემოება მას არ აქვს, რადგან კანონით განსაზღვრულია, შემაკავებელი ორდერი ქარწყლდება როგორც კი გავა მისი მოქმედების ვადა.

პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, თუმცა არა ძალადობრივზე. ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობით რამე განსხვავებული მოთხოვნები არ არის. უბრალოდ, ამერიკის საელჩომ უნდა იცოდეს, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე არის დაკავებული და ეს განხორციელდა კიდეც, როგორც ვიცი, საელჩომ უკვე იცის. არ ჰქონია იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ რისკი და შიში მაინც გვქონდა, რომ შეიძლება, რამე გაუთვალისწინებელი მომხდარიყო, მაინც ვფიქრობდი, ჩემი მისვლით შემეძლო გადამერჩინა გიორგი მერაბიშვილის და სხვა ადამიანების სიცოცხლე. რა თქმა უნდა, თუ ამის საშიშროება იქნებოდა. როდესაც მივედი, მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთს ფლობ, თუ ნივთმტკიცება არ გაქვს, ბრალს ვერ წაუყენებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში მომხდარი ინციდენტსა და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა.