ადვოკატი - ფაქტია, გიორგი რურუა მოარიდეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, რადგან აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში
ადვოკატი - ფაქტია, გიორგი რურუა მოარიდეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, რადგან აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში

ფაქტია, გიორგი რურუა მოარიდეს პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიას, რადგან ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა განაცხადა.

დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას არ გაუჩხრიკავთ არც რურუა და არც მისი ავტომობილი.

„არც მანქანა და არც რურუა არ გაუჩხრიკავთ, რაც არის, რა თქმა უნდა დარღვევა. როცა ადამიანს აკავებ, უნდა მოხდეს მისი გაჩხრეკა ადგილზე, რადგან მას შემდეგ რაც ის დატოვებს ამ ადგილს, ანუ მანქანასთან სხვა პირებს აქვთ წვდომა. ბუნებრივია, რომ არსებობს შესაძლებლობა, იმ მანქანაში მოთავსდეს ნივთები, რომელიც არ ეკუთნის ამ პირს.

ფაქტია, რომ გიორგი რურუა მოარიდეს პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიას, იმის გამო რომ ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და იმის გამო, რომ ის არის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი. ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ეს ადამიანი არის მათი ძლიერი მოწინააღმდეგე და შესაბამისად, სურს რომ მოაშორონ პროცესებს“,- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, რურუას ავტომობილში ჩადეს ნივთი, რომელიც სავარაუდოდ არის მაყუჩი.

„ეს იარაღი კი არ ჩაუდეს, დოკუმენტურად დაფიქსირდა, თორემ თვალით არავის უნახავს და არც მისი ჩხრეკა მომხდარა. ნაგლად გაუფორმეს დოკუმენტები, რომ თითქოსდა აქციიდან მომავალი, ღამენათევი გიორგი რურუა, რომელიც პირად მცველთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ატარებს კანონიერად ცეცხლსასროლ იარაღს, თვითონ გადაადგილდებოდა ვითომდა ცეცხლსასროლი იარაღით.

ამასთან, ავტომობილში ჩადეს ნივთი, რომელიც სავარაუდოდ არის მაყუჩი. ეს მაყუჩი ამოღებულია ზუსტად იმ სკამის ქვემოდან, სადაც რეალურად იჯდა პოლიციელი, რომელიც გამოყვა ვაკის ტერიტორიიდან პოლიციის სამმართველომდე. ვფიქრობ, რომ მაყუჩი მიმატებული იყო, რადგან დაამძიმონ და ხელისუფლებამ მოაწყოს შავი პიარი ახლა გიორგი რურუას წინააღმდეგ. ტროლ-ბოტები ამუშავდნენ, თითქოსდა რურუა მაყუჩიანი იარაღით გადაადგილდებოდა“,- აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.