ადვოკატი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა
ადვოკატი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაადგინოს შესაძლო კავშირი საკნიდან მერაბიშვილის იძულებით გაყვანასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს შორის.

„ანუ საუბარია იმაზე, რომ როდესაც მოხდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და რაღაც ინფორმაციის მიღების მიზნით მასზე ზეწოლის განხორციელება, მაშინ იყო პირობა, რომ თუ ის არ ითანამშრომლებდა, ძალიან დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა. ფაქტია, რომ მას დანაპირები შეუსრულეს და ძალიან დიდი ხნით ჰყავთ ციხეში გამომწყვდეული. სწორედ ამასთან დაკავშირებით უთხრა, რომ დაადგინოს კავშირი“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ამასთან, როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა აღნიშნა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა სრულყოფილი გამოძიების ჩატარების აუცილებლობას.

„უნდა დადგინდეს, ვინ ფიგურირებდა საკნიდან გაყვანის საქმეში, ვინ მოახდინა ზეწოლა. გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის ჩამდენი პირები“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებაგამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.