ადვოკატი - ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურატურის დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ ვერსიები, რომლებიც რეალობასთან რადიკალურად აცდენილია
ე.წ. ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულების რამაზ მარგოშვილისა და ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატი ინგა ბოლოთაური აცხადებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ გამოადგება, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
მისი თქმით, ეს არის ბრალდების მხარის ერთ-ერთი წარუმატებელი საქმე.
„ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ ვერსიები, რომლებიც რეალობასთან რადიკალურად აცდენილია. მტკიცებულებები, რაზეც ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა, სასამართლოს ვერ გამოადგება იმისათვის, რომ არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ ზოგადად. მე ვიტყვი, რომ ეს არის ბრალდების მხარის ერთ-ერთი წარუმატებელი საქმე. ჩვენ წარვადგენთ მოწმეს, რომელიც ამხელს სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ საქმე იყო ორგანიზებული არა იმ პირების მხრიდან, ვისაც ბრალი ედება, არამედ სპეცსამსახურების მხრიდან. მოწმებს წარვადგენთ გამოძიების ეტაპზე“, – განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ, ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულია ექვსი პირი. ორს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა.