ადვოკატი - დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელი იყო
ადვოკატი - დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელი იყო

დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელი იყო, რომელიც მას მიუგზავნეს – ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით, რომ რაღაცა საერთო საქმე ჰქონდათ. საერთო ნაცნობი დაუსახელა, შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული ქილერი იმიტომ, რომ ყოველგვარი შეკამათების, ან რაღაც გაუგებრობის გარეშე, უბრალოდ ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მდგარს ესროლა”, – ამბობს ადვოკატი.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დოდო გუგეშაშვილს პირველად 2017 წლის აპრილში შეხვდა და სთხოვა, გუგეშაშვილი და მისი მეგობრები უკრაინიდან ძვირადღირებული საქონლის თურქეთში გადატანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებოდნენ.

ადვოკატის თქმით, გუგეშაშვილი ყვება, რომ მამაკაცი მას გაეცნო, როგორც სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი, სახელად ზურა.

მისივე მონაყოლით, ბოლო თვეების განმავლობაში, გარკვეული შუალედებით, აღნიშნული პირი კიდევ რამდენიმეჯერ გამოჩნდა გუგეშაშვილებთან.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის ნამდვილი გვარი და სახელი, თუმცა სახეზე იცნობს და შეუძლია ამოცნობა.

ადვოკატის განცხადებით, დღევანდელი დაკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ სამიზნე დოდო გუგეშაშვილი იყო, მისი შვილი კი შემთხვევითი მსხვერპლია.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, როდესაც აღნიშნული პირი გუგეშაშვილებთან მივიდა და დოდო გუგეშაშვილს ესროლა, ნოდარ გუგეშაშვილს ეძინა, სავარაუდოდ დედის ყვირილზე წამოდგა, რა დროსაც მას სავარაუდო მკვლელმა ესროლა.

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.