ადვოკატი - დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი რურუას გათავისუფლებას მოვითხოვთ
ადვოკატი - დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი რურუას გათავისუფლებას მოვითხოვთ

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროცესზე ასევე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება.

„დღევანდელ პროცესზე გამოძახებულია ბრალდების სამი მოწმე. ასევე ჩვენ ვაპირებთ, მოვითხოვოთ გიორგი რურუასთვის შეფარდებული ბრალდების ღონისძიების გაუქმება, ანუ მისი გათავისუფლება. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს მისი დაკავების დღიდან, რადგან ის არის უკანონო პატიმარი. ციხეში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ არის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი. შესაბამისად, რაც მალე დასრულდება მისი უკანონო პატიმრობა, მით უკეთესია ყველასთვის, მით უმეტეს ქვეყნისთვის. ნამდვილად არ მინდა პროგნოზები გავაკეთო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. ერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, აუცილებლად დადგინდება სიმართლე, რომ გიორგი რურუა არის უდანაშაულო და ტყუილად მოხვდა ციხეში. ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა როდის, წინასწარ თქმა რთულია“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან საუბარში გიორგი რურუას ადვოკატი.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.