ადვოკატი - დავით კირკიტაძეს პარლამენტის 27 დეპუტატი თავდებში უდგება, რომ ხვალ სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლოს
ადვოკატი - დავით კირკიტაძეს პარლამენტის 27 დეპუტატი თავდებში უდგება, რომ ხვალ სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს პარლამენტის 27 დეპუტატი თავდებში უდგება, რომ ხვალ სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლოს, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა 10:30 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილები. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხვალ დილით, 09:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

ლიდერები კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.