ადვოკატი - დავით გარეჯის საქმეში არანაირი უცხოელი ექსპერტების დასკვნა არ დევს, რომელიც ძიების საქმეს შეცვლიდა
ადვოკატი - დავით გარეჯის საქმეში არანაირი უცხოელი ექსპერტების დასკვნა არ დევს, რომელიც ძიების საქმეს შეცვლიდა

დავით გარეჯის საქმეში არანაირი უცხოელი ექსპერტების დასკვნა არ დევს, რომელიც ძიების საქმეს შეცვლიდა, – ამის შესახებ საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ გასულ კვირაში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადება ძიების საქმეში არაფერს ცვლის.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არაფერს ცვლის ამ საქმეში. საქმეში რაიმე დასკვნა, უცხოელი ექსპერტების გაკეთებული არ დევს. უცხოელებს იმიტომ ამბობენ, რომ სანდოობა შესძინონ. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტების დასკვნა. პროკურატურას ექვსი თუ შვიდი ექსპერტი ჰყავს ჩართული მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან. იმ დასკვნაში არ წერია, რომ 200 ათასიანი რუკა იყო წინამორბედი 500 ათასიანის და არ წერია არც ის, რომ სწორედ ეს რუკები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. საუბარია ბრალდების წარდგენამდე ჩატარებულ ექსპერტიზაზე. იქ უბრალოდ არის დადარებული ხაზები, დათვლილილია ტერიტორიები. ექსპერტიზა ამ დასკვნაში ამბობს ცალსახად, რომ ამ რუკების გაშიფვრა ხდება მისი წინამორბედების მიხედვით, რომ 500 ათასიანი რუკები იქმნება 200 ათასიანი რუკების საფუძველზე და ეს რუკები მითითებული უნდა იყოს შესაბამის ე.წ. 500 ათასიანი რუკის ლეგენდაში და სწორედ ის რუკები უნდა იყოს, რომელიც ამ ლეგენდაში არის მითითებული. ეს 200 ათასიანი რუკები არ არის ამ 500 ათასიანის წინამორბედი. შესაბამისად, ვერცერთი კომისია, ვერცერთი ექსპერტი, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტი ვერ იტყვის იმას, რომ სწორედ ამ რუკების გამოყენება უნდა ყოფილიყო კომისიის ფარგლებში. საქმეში დევს 1997-1996 წლის შედგენილი კომისიის მიერ წარდგენილი აზერბაიჯანის მხარისთვის საქართველოს პოზიცია, რუკა რომლითაც დავით გარეჯის ტერიტორია, მათ შორის ბერთუბანიც ხვდება საქართველოს საზღვრებში, შესაბამისად დავით გარეჯით აპელირება არის მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი და შეხება არ აქვს ამ საკითხს ბრალდებასთან. ივერი მელაშვილი არის უდანაშაულო და ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.