ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულის მამასთან კომუნიკაცია ჰქონდა და დღეს გადაწყდება, დაიცავს თუ არა გიორგი მენაბდის უფლებებს ​
ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულის მამასთან კომუნიკაცია ჰქონდა და დღეს გადაწყდება, დაიცავს თუ არა გიორგი მენაბდის უფლებებს ​

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდის ინტერესები შესაძლოა, ადვოკატმა დავით დადიანმა დაიცვას. როგორც საქართველოს პირველ არხს დადიანმა განუცხადა, ის გიორგი მენაბდის ინტერესებს წარსულში იცავდა, თუმცა ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, კვლავ ის დაიცვას თუ არა დაკავებულის უფლებებს.

დავით დადიანის ინფორმაციით, დაკავებულის მამასთან კომუნიკაცია დღეს უკვე ჰქონდა და უახლოეს საათებში გადაწყდება, მენაბდის დაცვის საქმეში მისი მონაწილეობის საკითხი.

ადვოკატის ინფორმაციით, თუ კი გადაწყდება, რომ მენაბდეს ის დაიცავს, სავარაუდოდ დღესვე მოინახულებს დაკავებულს ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დავით დადიანი გიორგი მენაბდის ინტერესებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იცავდა.

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.