ადვოკატი - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყველა ქართველი კაცისთვის საინტერესო საქმეს - მევენახეობას ეწევა
ადვოკატი - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყველა ქართველი კაცისთვის საინტერესო საქმეს - მევენახეობას ეწევა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ იმ პრინციპებით, რომელიც არსებობდა საქართველოში, ტახტის პირდაპირი მემკვიდრე ბატონიშვილი დავითი და მისი შვილი გიორგი არიან.

ადვოკატი ამბობს, რომ არავის აქვს უფლება, დაამკვიდროს წესები და განიხილოს უფლისწულ გიორგის მემკვიდრეობის საკითხი.

ლევან ჩხეიძის განცხადებით, დავით მუხრანელი ახლა მევენახეობით არის დაკავებული და ამ საკითხებზე არ მსჯელობს.

„ეს ადამიანი ცხოვრობს ძალიან პრივატული ცხოვრების წესით, არავის აწუხებს, თვალში არავის ეჩხირება. უნდა, რომ მშვიდობიანად იცხოვროს თავის ქვეყანაში, ღირსეულ შვილად და კაცად გაზარდოს თავისი ვაჟი. ეწევა საქმეს, რაც უყვარს სულით და გულით – ყველა ქართველი კაცისთვის საინტერესო საქმეს, მევენახეობას. თუკი ვაღიარებთ, რომ საქართველოში არის ეს ტრადიცია და საქართველოს მეფეთა პირდაპირ შთამომავლად გავითვალისწინებთ ვინ არის, რა თქმა უნდა, შთამომავალი არის ბატონი დავითი და სხვა ალტერნატივაზე საუბარი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.

„სამეფო კლუბის“ წარმომადგენელმა გია ბურჯანაძემ გუშინ განაცხადა, რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას ითხოვენ. ამასთან, გია ბურჯანაძის განცხადებით, მეფობა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის რვა წლის ვაჟს, გიორგის კი ეკუთვნის, თუმცა ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ის 21 წლის იქნება, ამ ეტაპზე კი, „სამეფო კლუბი“ მას მეფობის კანდიდატად არ განიხილავს.