ადვოკატი - დაკავებული მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი უცნობია, ინფორმაცია არ მაქვს
ადვოკატი - დაკავებული მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი უცნობია, ინფორმაცია არ მაქვს

მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი უცნობია, ინფორმაცია არ მაქვს, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებული მხარისთვის ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებების გათვალისწინებით დააკავეს მორჩაძე.

„როდესაც გავეცნობი მასალებს, ალბათ, ამის შემდეგ მეცოდინება. მიმდინარეობდა გამოძიება და ჩვენი ბევრი კითხვაც და არგუმენტიც იყო, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა და გამოძიებასაც ვითხოვდით. შესაძლებელია, ეს პირიც იყოს შემხებლობაში, თუმცა ამ ეტაპზე, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეები ცვლიდნენ ჩვენებებს, გვყავს ე.წ. ოქროს მოწმე, რომელსაც ჩვენება აქვს შეცვლილი, ჩვენი ეჭვიც ამას უკავშირდებოდა, რომ შესაძლებელი იყო, მოწმეებზე განხორციელებულიყო ზეწოლა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით,  1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

დატოვე კომენტარი