ადვოკატი - დადებითად უნდა შეფასდეს, რომ პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიებაში წამების ფაქტი გამოკვეთა
ადვოკატი - დადებითად უნდა შეფასდეს, რომ პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიებაში წამების ფაქტი გამოკვეთა

ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს, რომ პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიებაში სახელმწიფომ გამოკვეთა წამების ფაქტი, – ასე აფასებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი პირველ არხთან პროკურატურის მიერ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაციის დამძიმებას.

„უმნიშვნელოვანესია, რომ წამებაზე გადაკვალიფიცირდა ეს საქმე და დამძიმდა მკვლელობის ნაწილი. გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახლა აუცილებელია, რომ კომისიური ექსპერტიზის პასუხები დროულად მივიღოთ, რომელიც ჩვენს ეფექტიან მუშაობაში და ევროპულ სასამართლოში დაგვეხმარება. აგვისტოს ბოლოს უკვე წარვადგენთ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ექსპერტიზის დასასრულებლად დადგენილი ვადები არ არსებობს, მაგრამ სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა პირობა მოგცეს, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იქნება ჩატარებული ექსპერტიზა“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს.

„გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა – ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ); 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წამება – ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დანიშნულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა დაადგინოს.