ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარი ბრალს არ ეთანხმება
ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარი ბრალს არ ეთანხმება

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძე წარდგენილ ბრალს – დანაშაულის შეუტყობინებლობას არ ეთანხმება, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ვაჟა არობელიძემ პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც პეტრე ყუფარაძეს შეხვდა.

„მან იცის რა მუხლით დააკავეს. ამ მუხლს არ დავეთანხმებით, რადგან მან წაიყვანა საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდია. ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, იქ იყო. არ დავეთანხმებით ამ მუხლს, რადგან დანაშაულის დაფარვა არ არის. სასწრაფო უბანში ბიჭებმა გამოიძახეს. პეტრემ დააწვინა საკაცეზე და წაიყვანა საავადმყოფოში. მას უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ უნახავს. თქვა, რომ ჩხუბი იყო და გასაშველებლად რომ მივიდა, გაიქცნენ. იხსენებს, რომ ცოტნეს ხელი რომ მოჰკიდა, ჩაიკეცაო. სისხლი მოსდიოდა თავიდან და ბეჭიდან. თავად დაჭრის ფაქტი არ უნახავს და არც იცის, ვინ დაჭრა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, პეტრე ყუფარაძე მხოლოდ ერთ დაკავებულს იცნობს, რომელიც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული და ცოტნე გამსახურდიას მეზობელია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.  გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.