ადვოკატი - ჩვენს სასამართლოებში თუ ვერ დადგინდება სიმართლე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ
ადვოკატი - ჩვენს სასამართლოებში თუ ვერ დადგინდება სიმართლე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ

თუ ჩვენს სასამართლოებში ვერ დადგინდება სიმართლე, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და აუცილებლად გავასაჩივრებთ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ადვოკატმა, თეონა ზაქარაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ეკა გიგაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა იმ ბრალდებებთან, რომლებიც ხაინდრავამ და ადამაშვილმა მის წინააღმდეგ გამოთქვეს. ბატონო გოგა ხაინდრავა და ადამაშვილი, ისევე როგორც საქართველოს ფორმალური და არაფორმალური მმართველები 2014 წლიდან, აკეთებენ განცხადებებს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოში და იმეორებენ მთავარ ბრალდებას, რაც ხაინდრავამ და ადამაშვილმა თავის დროზე თქვეს, ეკა გიგაურის დანაშაულში თანამონაწილეობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ ამას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოში გასაჩივრებულია ხაინდრავას მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, ამის შემდეგ რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მან, სასამართლო განიხილავს მის პირველ განცხადებას. ხაინდრავამ იცის, რომ თუ იგივე ფორმულირებას გაიმეორებს, უფრო დიდ შანს აძლევს სასამართლოს, თქვას, რომ ცილისწამებაა. ეკა გიგაურს არავინ დაუჯილდოებია, რადგან ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა.  რასაც ხაინდრავა ამბობს, სიცრუეა“, – განაცხადა ადვოკატმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.