ადვოკატი - ბრალდებულებმა თავად მოითხოვეს, გამოეკვლიათ აპლიკაცია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დღეს მათ ადგილსამყოფელს დაადასტურებდა
ადვოკატი - ბრალდებულებმა თავად მოითხოვეს, გამოეკვლიათ აპლიკაცია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დღეს მათ ადგილსამყოფელს დაადასტურებდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატი შოთა კახიძე აცხადებს, რომ ბრალდებულები ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე 2020 წლის 19 ივნისს, იქ, სადაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ადვოკატის თქმით, თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, გამოეკვლიათ Google Map-ის აპლიკაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ადგილსამყოფელს.

ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, შესაბამისი ამონაწერით დადასტურებულია, რომ ბრალდებულებს დროის იმ მონაკვეთში ინტერნეტთან წვდომა საერთოდ არ ჰქონდათ, შესაბამისად, აღნიშნული აპლიკაციით ვერ ისარგებლებდნენ.

„პროკურორი იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს ნიკოლოზ რევაზიშვილი არ სარგებლობდა ინტერნეტით და წვდომა არ ჰქონდა ინტერნეტთან. ეს არის ტყუილი. თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გამოთხოვილი ინტერნეტტრაფიკის მონაცემებით დასტურდება, რომ რევაზიშვილი 19 ივნისს სარგებლობდა მობილური ტელეფონით, რომელსაც მუდმივად ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორები კი, კატეგორიულად უარყოფენ დაცვის მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

„რევაზიშვილს პირველი კითხვა სწორედ Google Map-ზე დავუსვით. მან დაადასტურა, რომ ამ პროგრამას სჭირდებოდა ინტერნეტის ჩართვა. რა თქმა უნდა, დეტალურ ამონაწერში ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო. სრული აბსურდია, თუ ადვოკატი ამას გეუბნებათ, რადგან მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე ინტერნეტი გათიშული იყო და არ ფიქსირდება Google Map-ის გამოყენება. რევაზიშვილს ღამის საათებში უფიქსირდება ინტერნეტი, მაგრამ როდესაც ის საუბრობს, რომ ფაქტის დროს ჩართული ჰქონდა პროგრამა, პერიოდში, რომელიც მკვლელობას მოიცავს, არ ფიქსირდება ინტერნეტის მოხმარება. ეს ის დროა, როცა ჩვენებებით, კამერებით ვადგენთ, რომ მკვლელობა მოხდა. ამონაწერი ზუსტად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, ინტერნეტტრაფიკიც გამოთხოვილია, წამობრივად ფიქსირდება, როდის გამოიყენეს ინტერნეტი“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმართება. დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.