ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე - ამირხანაშვილს მიდრეკილება აქვს, ხშირად შეცვალოს ჩვენებები
ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე - ამირხანაშვილს მიდრეკილება აქვს, ხშირად შეცვალოს ჩვენებები

ამირხანაშვილს მიდრეკილება აქვს ხშირად შეცვალოს ჩვენებები – ასე აფასებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე მედიაში გავრცელებულ საქმის მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას, სადაც მოწმე გაგნიძეს ახსენებს.

„ამირხანაშვილი ამბობს, თითქოს მანქანაში შედგა კომუნიკაცია,  გაგნიძემ მას ჰკითხა, ასე ჩქარა რომ გარბიან, ცურვაც თუ ასე სწრაფად იციანო, თუმცა რამდენად სარწმუნოა ამირხანაშვილის ჩვენება, ეს ცალკე საკითხია. ზოგადად, ვიცით, რომ ამირხანაშვილს აქვს მიდრეკილება, ხშირად შეცვალოს ჩვენებები და ეს არაერთხელ გაუკეთებია. თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში ორი თვის განმავლობაში, რატომ დუმდა ეს ადამიანი?! ახლა ამას ხსნის იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც ამ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი გარემოებები იცოდა მან, რატომ დუმდა ამდენ ხანს და რატომ არ ამბობდა ამის შესახებ არაფერს?! რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მიზეზს, რომ აღელვებულ იყო. სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ხდება ის, რომ პროკრატურამ გაავრცელა აბსოლუტურად აბსურდული ვერსია“, – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

დღეს, მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გავრცელდა. საუბარია, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, საქმის მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებაზე. პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე 12 აგვისტოს გააფრთხილა. საუბარია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურის ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები.