ადვოკატი - „ასტრაზენეკას“ მივწერეთ და ვთხოვეთ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ჩაერთოს
ადვოკატი - „ასტრაზენეკას“ მივწერეთ და ვთხოვეთ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ჩაერთოს

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, მათ „ასტრაზენეკას“ წერილი გაუგზავნეს და საქმის გამოძიებაში ჩართვა სთხოვეს.

„მივწერეთ „ასტრაზენეკას“ ბრიტანეთის ფილიალს, გავაცანით საქმის დეტალები ზედაპირულად და ვთხოვეთ, რომ საქმეში ჩაერთოს. გაიხსნა კვლევა და მიენიჭა თავისი კოდი. იმედია, რომ „ასტრაზენეკაც“ ჩაერთვება ამ გამოძიებაში და გააკეთებს თავის კვალიფიციურ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე, როგორც ვიცით, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა, როგორც ამ წუთისთვის მოიაზრება, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატ ნინო ამაღლობელის თქმით, ადვოკატებს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მერვე განყოფილებაში ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილი გადაეცათ.

„გადმოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაცია უშუალოდ ახალციხის ჰოსპიტალ „იმედიდან“ ამოღებული. სამედიცინო დოკუმენტაციას გადავხედეთ პირველადად და არის არასრულად გადმოცემული. კერძოდ, ამ დოკუმენტაციას უნდა ცხადეყო, თუ რა პროცედურები ჩატარდა უშუალოდ ვაქცინაციამდე მეგი ბაქრაძის საქმეზე და უშუალოდ იყო თუ არა სათანადოდ გამოკვლეული ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე. თუმცა ჩვენ სამედიცინო დოკუმენტაცია უშუალოდ მაგ ნაწილში არ გვაქვს. უფრო მეტიც, დღეს გამოძიებამ როგორც გვაცნობა, საერთოდ მოპოვებულიც არ არის. ცხადია, ძალიან საინტერესოა როგორც საზოგადოებისთვის, ისე გარდაცვლილის ოჯახისთვის, თუ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა მას ვაქცინაციამდე. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, აღმოუჩინეს თუ არა სამედიცინო პერსონალმა სათანადო და რაც მთავარია, დროული დახმარება, ამასთან დაკავშირებით დეტალურად გავივლით სამედიცინო დოკუმენტაციას და მოგახსენებთ“,- განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.