ადვოკატი - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დანიშნა
ადვოკატი - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დანიშნა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დანიშნა, – ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ადვოკატთან ერთად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრას შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც დაესწრო.

ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე, ექსპერტებთან შეკითხვები აღარ აქვთ.

„მოგვაწოდეს უფრო მეტი ინფორმაცია დასკვნის შესახებ. დავსვით კითხვები იმ დაზიანებებზე, რომლებზეც მედიასთან ვსაუბრობდით გუშინ და მიგვაჩნდა, რომ დასკვნა არაა სრულყოფილი. ჩვენ აგვიხსნეს ბიუროში, რომ ეს დაზიანებები არ იყო სიცოცხლისდროინდელი. გვითხრეს, რომ ყველა დაზიანება შესაბამისად არის აღწერილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ინფორმაცია მიგვეღო. ჩვენ სრულად დამოკიდებული ვართ ექსპერტებზე. მივიღეთ პასუხი შუბლის ნაწილზეც. ოჯახი საუბრობდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ კონკრეტულ საკითხზე გვითხრეს, რომ ეს იყო ე.წ. აშრევების შედეგი და არ იყო სიცოცხლისდროინდელი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, იყო თუ არა საკონტროლო გასროლა, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს.

„უბრალოდ, გვითხრეს, რომ იქ საერთოდ არ იყო დაზიანება. ისინი აღწერენ მხოლოდ დაზიანებებს. კითხვები გვქონდა საფეთქელთან შეწეულ ადგილთან დაკავშირებითაც. ეს იყო რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. იქ ექსპერტიზისთვის ფაქტობრივად მოხდა თავის ნაწილის გადახერხვა და გამოიწვია საფეთქელთან ადგილის შეწევა.

ჩვენ ყველა საკითხი რენდგენითაც გავიარეთ. კიდევ ერთი დეტალი ეხება ცხვირს. ვნახეთ რედგენის სურათები. მოტეხილობებს ცხვირის მიდამოში ადგილი არ ჰქონია. ცხვირი მთელია.​ მოტეხილობებია და თან მრავალი მოტეხილობა ხელის მტევნებზე და ეს ჩვენ დღესაც გვანახეს.

გამოძიებამ დანიშნა კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. დაიწყება მუშაობა ამ მიმართულებით. მოიწვევენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ეს შრომატევადი საქმეა. ჩვენ ისევ ვითხოვთ დასკვნის შემჭიდროვებულ ვადებში დადებას. ეს ძალიან გვჭირდება. თუ არ მოხდება შემჭიდროვებულ ვადებში დასკნის დადება, მაშინ ჩვენ გაგვიჭირდება სარჩელის მომზადება და მტკიცება იმის, რომ გარდაცვალება იყო წამების შედეგი. მე მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო სწორი სტრატეგიით წავა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.