ადვოკატი - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით
ადვოკატი - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ელისო რუხაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებითაც, თუმცა ადვოკატის თქმით, მას გაუთქმელობის ვალდებულება აქვს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამის შესახებ ელისო რუხაძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

„დასრულდა მრავალსაათიანი გამოკითხვა. ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც გუშინ უკვე აღვნიშნე, ხელი გვაქვს მოწერილი გაუხმაურებლობის ხელწერილზე, რაც ნიშნავს ვალდებულებას, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე. ერთადერთი, რისი განცხადებაც, ვფიქრობ, აუცილებელია, არის ჩემი კოლეგის, ლევან ჩხაიძის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა თურმე არის სირცხვილი და ჩვენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მე სამი დღის განმავლობაში ტყუილად ვაცდენთ დროს. ასე ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ანა ბაგრატიონი აკეთებს და ეს არ არის ის, რასაც ლევან ჩხაიძე კამერების წინაშე გიცხადებთ. დეტალებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვერ გეტყვით, თუმცა მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი მოსაზრებით, შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს. მათ შორის, ცემის ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო რუხაძემ.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ფორმით გაგრძელდება გამოძიება.

„ეს არის სამართალდამცველებისა და პროკურატურის გადასაწყვეტი, რა ფორმით, რა მოცულობით, რომელი მუხლით, გაგრძელდება გამოძიება და რას იზამს. შესაბამისად, მე არ ვარ კომპეტენტური, ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ“, – აღნიშნა ელისო რუხაძემ.

ანა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა მიიჩნევს, რომ ის საგამოძიებო ორგანში უნდა დაებარებინათ.

„ისევე გავიგე მედიისგან ეს ინფორმაცია, როგორც საზოგადოების სხვა წევრებმა. ვფიქრობ, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში. მქონდა ეს მოლოდინი, როგორც სხვა საქმეებში ხდება ხოლმე და ვფიქრობთ, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ მოქმედებს სამართლის ნორმები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრივილეგიებით უნდა ისარგებლოს დავით ბაგრატიონმა ან ანა ბაგრატიონმა გამოძიების პროცესში. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად, აქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე ჯერ არ გამირკვევია, რის გამო დატოვა მან ქვეყანა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონის გამოკითხვა დასრულდებოდა, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში“,- განაცხადა ელისო რუხაძემ.

დავით ბაგრატონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა თბილისის მთავარ სამმართველოში 2 აპრილს დაიწყო.