ადვოკატი ადასტურებს, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს მე-11 ბავშვი გასულ წელს გარდაეცვალა
ადვოკატი ადასტურებს, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს მე-11 ბავშვი გასულ წელს გარდაეცვალა

ადვოკატი ადასტურებს, რომ საქართველოში დაკავებულ იულია სუსლიაკს, რომელსაც გამოძიება 10 ბავშვით ვაჭრობას ედავება, მე-11 ბავშვი გასულ წელს გარდაეცვალა.

როგორც პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ, უკრაინელი ქალის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა, შემთხვევა რუსეთში მოხდა და ითქვა, რომ ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო.

ზურაბ თოდუას განცხადებით, ამ შემთხვევას კრიმინალთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც რუსეთის გამოძიების დასკვნით დასტურდება. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა დღეს გამომძიებლებს გადასცა.

შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ ორი წლის ბავშვი აბაზანაში მარტო იმყოფებოდა, ადვოკატი ამბობს, რომ დეტალები არ იცის, თუმცა რაიმე დანაშაული რომ მომხდარიყო, დედას ბრალს წარუდგენდნენ.

მისი თქმით, ეს ფაქტი ქართველ გამომძიებლებთან ბრალდებულმა ქალმაც გაიხსენა და თქვა, რომ მომხდარით მთელი ოჯახი შეძრწუნდა და ბავშვის დაკრძალვაზე უკრაინიდან ნათესავებიც იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ბრალს, ტრეფიკინგის ბრალი იულია სუსლიაკს ოფიციალურად წარედგინა, თუმცა თავად არ აღიარებს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მას დღეს საქმის მასალები გამომძიებლებმა არ გადასცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ, 10:00 საათისთვის დაიბარეს.