ადვოკატი - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ტატუნაშვილის საქმის წარდგენა მზადდება
ადვოკატი - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ტატუნაშვილის საქმის წარდგენა მზადდება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ტატუნაშვილის საქმის წარდგენა მზადდება.

ამის შესახებ ავალიანმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ადვოკატის თქმით, ევროპულ სასამართლოში შესატანად საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს.

„ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, მომხდარი დანაშაულები სრულად მას შეერაცხება.ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, თუ ტატუნაშვილის საქმეზე საქართველოში გამოძიება არაეფექტურად წარიმართება, იძულებულები იქნებიან საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანონ.

​„ჩვენ მოვთხოვეთ გამოძიების დაწყება. ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმართვას, ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ვუჩივლოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოძიება აქ არაეფექტურად მიმდინარეობს და სათანადო გულმოდგინებით არ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, იძულებულნი ვიქნებით, რომ შევიტანოთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს წინააღმდეგ ოჯახის საჩივარი “, – აღნიშნა თამარ ავალიანმა.