ადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამირხანაშვილმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს
ადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამირხანაშვილმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს

თუ ვინმემ გამოძიება ჩიხში შეიყვანა, ეს არიან ამირხანაშვილი, ქათამაძე, ბრეგვაძე – მათ გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში, – ამის შესახებ მცხეთის სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, დაცვის მხარე აღნიშნული მოწმეების ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს.

„ეს ის პირები არიან, რომლებმაც გამოძიებას რეალობა იმ საღამოსვე დაუმალეს, ეს ის პირები არიან, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ გამოძიებას, მათ შეიყვანეს გამოძიება ჩიხში. ამ პირებს ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი. ისინი თითქოსდა იხსენებენ ახალ გარემოებებს, რის შედეგადაც გამოძიებას სურს, დაკავებულებს ბრალი დაუმძიმოს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ზ.ხ.-ს ბრალი დაუმძიმდეს. ზ.ს.-ს ფიზიკური სიახლოვეც კი არ დასტურდება გარდაცვლილ შაქარაშვილთან“, – განაცხადა გელხაურმა.

მისი თქმით, 19 ივნისის ღამეს მცხეთაში, მაგისტრალზე განვითარებული ინციდენტის დროს, ზ.ხ. საქმის ფიგურანტ „ტოიოტა“ „ქამრიში“ იჯდა, თუმცა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ზ.ხ. მიდის იმ ფერად შენობამდე, რომელიც დაიწვა და იქიდან ბრუნდება მანქანასთან, რომ მოაბრუნონ მანქანა და მოიყვანონ იმ ადგილზე, სადაც შეხვდნენ ამირხანაშვილს. ის მანქანაში იხსენებს ამ ეტაპზე მხოლოდ ვასილ მახარაძეს, რომელიც საჭესთან იჯდა. დანარჩენი პირები დატოვა ფერად შენობასთან, სადაც თვითონ გაჩერდა და მობრუნდა მანქანასთან“, – განაცხადა გელხაურმა.

რაც შეეხება მიმდინარე სხდომას, პროკურატურამ უკვე დააყენა შუამდგომლობა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ადვოკატებმა, საპასუხოდ, მათი გათავისუფლება მოითხოვეს. ჯერ გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მიღებული არ არის.

ამასთან, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

დახურული სხდომის მიმდინარეობისას ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. არც ერთი არასრულწლოვანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.