ადვოკატი აცხადებს, რომ იულია სუსლიაკისთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ დევს
ადვოკატი აცხადებს, რომ იულია სუსლიაკისთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ დევს

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ დევს იულია სუსლიაკისთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად.

ადვოკატმა ბრიფინგი იულია სუსლიაკის დედასთან და დედამთილთან ერთად გამართა. ზურაბ თოდუამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ამ საქმის პროკურორის, თეა გიორგაძის ოჯახური კლანის გადაწყვეტილება. მისი მეუღლე პაატა სილაგაძე საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაშო დაინიშნა უვადოდ“,- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისი თქმით, უკრაინამ წარმომადგენლობა გამოაგზავნა საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინამ დაიჯერა რომ „საქართველოს პროკურატურამ დიდი სისულელე ჩაიდინა“.

„მე ამ გადაწყვეტილებას, ჩემს შუამდგომლობას და მტკიცებულებებს სოციალურ ქსელში გავასაჯაროებ, რათა საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად ობიექტურია მოსამართლე. ქართული სტრასბურგი უნდა მოვუწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო. საქმე გაცდება საქართველოს ფარგლებს. დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და აღკვეთის ღონისძიება შეფარდებულია უსამართლოდ“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისი თქმით, ის ასევე მოითხოვს, ადვოკატის ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყოს.

„პოლიციამ არ მომცა საშუალება, კორდონი გამიკეთა რათა არ ამეღო იური სუსლიაკის ბიოლოგიური ნიმუში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სამართლებრივი და ლეგიტიმურია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა ბავშვების უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.