ადვოკატი აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკის“ შენობაში ყოფნის დროს თავდამსხმელს არანაირი მოთხოვნა არ წაუყენებია
ადვოკატი აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკის“ შენობაში ყოფნის დროს თავდამსხმელს არანაირი მოთხოვნა არ წაუყენებია

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ მიუღია.

„ამ ეტაპისთვის დაკავებული გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. საქმის მასალებს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ არ არის დასრულებული. აქედან გამომდინარე, გამოძიებაც მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ მასალები გადმოეცა. ის მწირი მასალები, რაც ამ ეტაპისთვის შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დაველოდებით ხვალინდელ დღეს, მაშინ როდესაც ბრალს სავარაუდოდ წაუყენებენ და გადმოგვეცემა დაცვის მხარეს, უკვე შესაბამისი მტკიცებულებები. ჩვენთვის ამ ეტაპისთვის დეტალები არ არის სრულყოფილად ცნობილი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

„რაც შეეხება მოტივს, მოტივთან დაკავშირებით ერთადერთი რამ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო დიდი მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ვამბობ ამასაც, იქედან გამომდინარე, რომ თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენთანაც მწირი კომუნიკაციით შემოიფარგლა მხოლოდ. დეტალებზე ალბათ ხვალ შეგვიძლია მოვახსენოთ საზოგადოებას, თუ რატომ გადადგა აღნიშნულმა პიროვნებამ ეს ნაბიჯი, მაშინ, როდესაც ჰყავს ორსული მეუღლე და მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, ორსულობასთან ერთად თანმდევი გულის პრობლემები, რაც ძალიან ართულებს მის მდგომარეობას. მცირე ხნით გავესაუბრეთ რიგ პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მივეცით რჩევები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც დაკავებულის ადვოკატმა აღნიშნა, მისი საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით არის წარდგენილი. მისივე თქმით, იარაღი, რომელიც საქმეში ფიგურირებს არის სასიგნალო და არა ცეცხლსასროლი.

„ბრალი არ არის წაყენებული, უბრალოდ, გამოძიება არის დაწყებული 144-ე და 236-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს. ბრალი ხვალ დაზუსტდება სავარაუდოდ, ჩვენც გვაქვს დაცვის მხარეს ეს მოლოდინი, იქედან გამომდინარე, რომ თავად ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე და მიმდინარეობს გამოძიება, ვიცით დანამდვილებით, რომ ეს არის სასიგნალო იარაღი და არა ცეცხლსასროლი. მისი დაკითხვა დღეს არ მომხდარა, იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ბანკის შენობაში ყოფნის დროს მას არავისთვის არანაირი მოთხოვნა არ წაუყენებია“, – განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს.