ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს 
ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მისი თქმით, გუშინ მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განჩინება ჩაიბარეს, რომლის სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

„გუშინ საღამოს ჩავიბარე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განჩინება ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მასში შაბლონური ტექსტების გარდა არაფერი წერია. ნიშანდობლივია, რომ ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური. ამიტომ, გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება გამოძიების ეტაპზე, თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება.

საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციური პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკითხი სულ მცირე ორი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს და უნდა არსებობდეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს პრინციპი კიდევ უფრო მკაფიოა ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე მეტად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, ეს არის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მიგვაჩნია, რომ მან უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას. თუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, განიხილოს ჩვენი საჩივარი. ხოლო თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლის, რომ არ უნდა დაეყრდნოს კონსტიტუციას, არამედ უნდა იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მაშინ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასევე შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ან სააპელაციო სასამართლოში ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნება განხილული ჩვენი საჩივარი. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმართულებით წავა სასამართლო“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.