ადვოკატი აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე დაპატიმრებას არჩილ თალაკვაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს
ადვოკატი აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე დაპატიმრებას არჩილ თალაკვაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე დაპატიმრებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს, – ამის შესახებ ადვოკატმა ლევან დავითაიამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ფანჯავიძე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. როგორც ადვოკატი ამბობს, ფანჯავიძემ არჩილ თალაკვაძის დანამატების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისგან მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ფანჯავიძე მის დაკავებას.

ბრალდებულის მეუღლემ, მარიკა ფანჯავიძემ ჟურნალისტებს დღეს ის შეტყობინება აჩვენა, რომელიც მისი მტკიცებით, არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის. გზავნილში წერია: „იუმორი არ გივარგა. მოვა დრო და წაიტეხავ ცხვირს ეგეთი უსინდისობით. მე წარმატებას გისურვებ და თუ რამეში რჩევა ან დახმარება დაგჭირდება, მითხარი. ზრდილობაც გაკლია და ვაჟკაცობაც. შეივსე აუცილებლად“.

მარიკა ფანჯავიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი მეუღლე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლდება, ის იქნება არჩილ თალაკვაძის პოლიტიკური პატიმარი.

საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

პარლამენტთან აქციაზე, გიორგი ფანჯავიძესთან ერთად, კიდევ ერთი პირი დააკავეს. ადვოკატ ლევან დავითაიას განცხადებით, დაკავებულები სამართალდამცველებთან წინააღმდეგობას უარყოფენ.

„დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ გარკვეული დაზიანებები თავისა და კიდურების ადგილზე. ორივე პირი უარყოფს რაიმე სახის წინააღმდეგობას სამართალდამცველებთან და მათი თქმით, ეს იყო მიზანმიმართული დაკავების ოპერაცია“, – განაცხადა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ორი პირი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

„თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია ორი პირი: ნ.კ. და გ.ფ.

დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.