ადვოკატი აცხადებს, რომ გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას უკავშირებს“

15:11, 31.05.2026

„ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებლის, გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„გამოკითხვა არ მომხდარა, გამოკითხვის ოქმი შემოტანილი ჰქონდათ, მაგრამ მოკლედ ავუხსენით, რომ არ ვეთანხმებით და არ ვაღიარებთ დადგენილებას, რომელიც წარდგენილია. კატეგორიულად უარყოფს, ამბობს, რომ არანაირი ჯაშუში მე არ ვარ, პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, მიმართული იყო იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო, ქვეყანაში ომი და უბედურება არ მომხდარიყო. „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, ალბათ ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. 27 მარტიდან „ობიექტივზე“ უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა. არ ვიცი, ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თვითონ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, დანარჩენს ერთად ვნახავთ“, – განაცხადა ლაშა გოლუბიანმა სუს-ის დატოვების შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას, – „რუსეთია ერთ-ერთი ქვეყანა, რომელზეც სუს-ი საუბრობს?“ – ადვოკატი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ქვეყანა რუსეთია, თუმცა ამას ვერ დაადასტურებს. მისივე განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ გულბაათ რცხილაძემ დანაშაული ჩაიდინა.

„კი, შესაძლოა, ვივარაუდოთ, უბრალოდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე. ალბათ მეორე სხვა ქვეყანაა. თერთმეტი თუ თორმეტი ტომია – დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა მტკიცებულებები დევს, მაგრამ რაიმე ღირებული, პირდაპირი მტკიცებულება, რომ ბატონმა გულბაათმა დანაშაული ჩაიდინა, არ არის. პირდაპირი კი არა, ირიბი მტკიცებულებაც არ არის.

მტკიცებულება, შესაძლოა, იყოს რაიმე დოკუმენტი, რომელიც შექმნილია საგამოძიებო ორგანოს მიერ, მაგრამ ამ დოკუმენტით, ამ მტკიცებულებით, ფარული მიყურადების გარკვეული მასალით რამდენად მტკიცდება პირის დანაშაული, ეგ არის გასარკვევი, სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულებები. მე გეუბნებით, რომ არ არის რაიმე ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, საიდანაც ჯაშუშობა დასტურდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გულბაათ რცხილაძე დაკავებას „რუსოფობიის წინააღმდეგ საბჭოს შექმნას უკავშირებს“.

„ამ ადამიანმა შექმნა საბჭო, რომ რუსოფობიის ფაქტები გამოევლინა და გაესაჯაროებინა. არ ვიცი, ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ფაქტების გასაჯაროება, მაგრამ თვითონ ამას უკავშირებს დაკავებას“, – განაცხადა ლაშა გოლუბიანმა.

მისივე თქმით, გულბაათ რცხილაძე ირანში წასვლას აპირებდა, თუმცა, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაიფიქრა.

„ბოლო მომენტში უკვე გადაიფიქრა. ირანის ელჩი და „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, რომ მამა ჰყავს ძალიან ცუდად და თვითონ უვლიდა ხოლმე. შესაძლებელია, ყოფილიყო ამერიკაც ან ევროპის რომელიმე ქვეყანა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი