ადვოკატი - 61 წლის პატიმარი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოთხი წელია, პრეზიდენტს შეწყალებას თხოვს  
ადვოკატი - 61 წლის პატიმარი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოთხი წელია, პრეზიდენტს შეწყალებას თხოვს  

ადვოკატი დავით ჯაფარიძე პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრს მიმართავს და მახინჯაურის მკვიდრის, 61 წლის თემურ ქებულაძის შეწყალებას ითხოვს, რომელსაც სამი დღის წინ, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეორე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებულ ქებულაძეს 12 წლიდან 10 წელი მოხდილი აქვს, მას გლდანის ციხეში ორივე ფეხის ამპუტაცია აქვს ჩატარებული, თუმცა მეოთხე წელია, პრეზიდენტს უშედეგოდ სთხოვენ შეწყალებას.

„ბრალდებული არის უმძიმეს მდგომარეობაში, ოთხი წელია ვთხოვთ პრეზიდენტს შეწყალებას, მაგრამ არანაირი გამოხმაურება. ქებულაძე ფაქტობრივად პარალიზებულია, გადატანილი აქვს ინფარქტი, მას უარი უთხრეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზეც. სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ განახევრებული კაცის გათავისუფლება, რომელმაც 12-დან 10 წელი უკვე მოიხადა“,-განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ 2008 წელს ბრალდებულის დაკავების მიზეზი მახინჯაურში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ მაშინდელი მაღალჩინოსნების ინტერესი იყო.