ადვოკატი - 16 წლის მოზარდმა, რომელიც პოლიციელებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო
ადვოკატი - 16 წლის მოზარდმა, რომელიც პოლიციელებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო

16 წლის მოზარდმა, რომელიც პოლიციელებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, დღეს კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო. ამის შესახებ მოზარდის ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა ქვემო ქართლის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც 16 წლის მოზარდის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე პოლიციელების ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განმარტებით, ეს ის პოლიციელია, ვინც უშუალოდ მოტეხა ხელი მოზარდს, ასევე განახორციელა სხვა სახის ფიზიკური ძალადობა.

16 წლის მოზარდი ამ დრომდე ქვემო ქართლის პროკურატურაში რჩება. ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.

ბოლნისში 16 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.

რამდენიმე დღის წინ მოზარდმა სამი სამართალდამცველი ამოიცნო, მათ შორის, ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.