რამდენიმე ადვოკატი პატიმრებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს
რამდენიმე ადვოკატი პატიმრებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს

ადვოკატების ნაწილი პრემიერ-მინისტრს ინიციატივით მიმართავს და პანდემიით გამოწვეული იზოლაციის ფონზე, მსჯავრდებულებისთვის შეზღუდული უფლებების საკომპენსაციოდ, გარკვეული შეღავათების დაწესებას ითხოვს.

როგორც ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ყველა სეგმენტს შეეხო, მთავრობამ არაერთი მიმართულებით გაატარა საშეღავათო ღონისძიებები, რაც ცალსახად მისასალმებელია, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად დააზიანა მსჯავრდებულ პირთათვის კანონით მინიჭებული ყველაზე მნიშვნელოვანი-ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობის უფლება.

მისი თქმით, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ის პრემიერ-მინისტრს განცხადებით მომავალ კვირას მიმართავს.

„ფსიქო-ემოციური კუთხით მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ქალი მსჯავრდებულების, დედების შემთხვევაში. ქალ მსჯავრდებულთა შორის არიან დედები, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის ის ზომა აქვთ უკვე მოხდილი, რაც მიახლოებულია მუდმივმოქმედ კომისიაში სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართვის ვადასთან. ბევრ მათგანს ამ უფლებით სარგებლობა რამდენიმე თვეში შეეძლება და თუ კი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის დაწესდა შეღავათები მთავრობის მხრიდან, რაც ხელისუფლების მიერ ნაკარნახევია პანდემიის ფონზე ადამიანთა მძიმე ყოფის შემსუბუქებით, მსჯავრდებულებიც ადამიანები არიან და გააჩნიათ უფლებები, რომელთაც ზემოხსენებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საგამონაკლისოდ უნდა მიეცეთ უფლება-კანონით დადგენილ ვადაზე ადრე რამოდენიმე თვით ადრე მიმართონ მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის შემსუბუქების თხოვნით. ეს უნდა იყოს ჩვენი-უფლებადამცველთა ინიციატივა პრემიერ-მინისტრთან, რა დროსაც მოთხოვნილ იქნება მსჯავრდებულთათვის თუნდაც რამოდენიმე თვით (6 თვე) შემცირდეს მუდმივმოქმედი კომისიისთვის სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართვის ვადა. მოვუწოდებ კოლეგებს, ადვოკატებს, სახალხო დამცველს, მედია სივრცის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გავერთიანდეთ აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად და კანონიერების ფარგლებში მივმართოთ შესაბამის ორგანოებს-პანდემიის პირობებში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართლიანი შეღავათების მიღების მიზნით“, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი