ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ
ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა დამტკიცდება.

ადვოკატების თქმით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხსაც დააყენებენ. ამასთან, როგორც აღნიშნეს, მათ საქმეში არაერთი სირთულე ჰქონდათ.

„ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა არაერთი სირთულე, როგორიც იყო მაგალითად პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებიზე სათანადო დაშვების შეზღუდვა. ასევე იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შეზღუდვა ბრალდებულთა სათანადო შეხვედრის, ამ საქმეში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაჯანსაღი ჩართულობა.

შუამდგომლობები დღეს შეეხება ექსპერტიზების დაუშვებლობას, სადაც ცალსახად არიან ჩართული დაინტერესებული და სუბიექტური პირები, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული და გეოდეზიური დეპარტამენტის თანამშრომელები, რომლებიც დიდი ალბათობით მანამდეც მონაწილეობდნენ ამ საკითხების განხილვაში. შესაბამისად, შეუძებელია. მას რამე ფორმით ჰქონდეს ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე შუამდგომლობებია სხვა მტკიცებულებების დაუშვებლობაზეც, რომლებიც საპროცესო კანონის დარღვევით არის მოპოვებული“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. მარიკაშვილის განმარტებით, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა ალტერნატივად სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გარკვეულ ფორმას შესთავაზებენ.

„მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ დღეს უნდა გაუქმდეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ ადამიანებს სულ არ უნდა შეეფარდოთ, თუმცა თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ კიდევ არსებობს რამე საფრთხე,  თუმცა ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთის არსებობას, მზად ვართ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დავრჩეთ აღკვეთი ღონისძიების გარკვეული ფორმის ფარგლებში, თუმცა მოთხოვნა არის გაუქმდეს პატიმრობა“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.