ადვოკატები ბათუმის ყოფილი მერისა და კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ
ადვოკატები ბათუმის ყოფილი მერისა და კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი შესაძლოა, გირაოთი გათავისუფლდნენ. ​ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება.

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა მორიგი შუამდგომლობა გუშინ დააყენა. რამინ პაპიძე ამბობს, რომ საქმეში დაზარალებული მხარე, ანუ ბათუმის მერია წინააღმდეგი არ არის, დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს მოქმედი მერის, ლაშა კომახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე გადასცა.

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათისთვის გაგრძელდება. ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

ადვოკატები თითოეული ბრალდებულის გათავისუფლებას 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ.

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის შვიდი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიება მათ 1 370 076 ლარის გაფლანგვას ედავება.