ადვოკატები ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას ითხოვენ
ადვოკატები ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას ითხოვენ.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. მათი თქმით, საქმის მთავარი გამომძიებლის ჩვენებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებს კავშირი ერთმანეთთან არ ჰქონიათ და დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ადვოკატები დაკავებას პოლიტიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ დაკავებულები ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ.
პროცესზე ამ დრომდე მსჯელობენ აღკვეთის შეცვლაზე. მანამდე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის შუამდგომლობა, რომ საქმეს დამატებითი მტკიცებულების სახით ექსპერტიზის დასკვნა დაურთოს. მანვე დააკმაყოფილა აღნიშნული ექსპერტიზის გამცემი ექსპერტის, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრის, „ახალი ალტერნატივის“ დირექტორის, მარიკა ტოკლიკიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2025 წლის 30 ივლისს გაიცა, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ჯანო არჩაიას წინააღმდეგ ვიდეო დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მისივე თქმით, საგნების იდენტიფიცირება, რომლებიც არჩაიას და გური მირცხულავას ხელში უჭირავთ, შეუძლებელია. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ვიდეოში ჩანს, რომ საგანს პოლიციელი ისვრის, მირცხულავა იღებს და უკან უბრუნებს, თუმცა ძირს ვარდება და სამართალდამცველს არ ხვდება.