ადვოკატ ნიკოლოზ ბოლქვაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
ადვოკატ ნიკოლოზ ბოლქვაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების პირობები 2 ნოემბერს გახდება ცნობილი.
„დღეს გარკვეული სახის პოზიციები გამოითქვა მხარეების მიერ. საპროცესო შეთანხმება ნამდვილად გაფორმდება თუ არა, გაირკვევა 2 ნოემბერს. რა პირობებით გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, ესეც 2 ნოემბერს გაირკვევა. გადაწყვეტილება ქალბატონ ნანას ეკუთვნის, ამიტომ გამიჭირდება საუბარი, რატომ გადაწყვიტა ასე. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში დატოვებს საპყრობილეს და თავად გააკეთებს განცხადებას. საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა, რა თქმა უნდა არის, ბრალის აღიარება“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე ნანა სანდერს სასამართლოს მიერ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ნანა სანდერს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.