ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება გაიხსნება
ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება გაიხსნება

ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილებას გახსნიან. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჰიტლერის სახლის პოპულარობას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ქალაქში აღნიშნული სახლის დასათვალიერებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა. მათი მნიშნველოვანი ნაწილი კი ადოლფ ჰიტლერის შეხედულებებს იზიარებდა.

გარდა ამისა, სახლის წინ ნაციონალ-სოციალიზმის მხარდამჭერები პერიოდულად მართავდნენ აქციებს, რაც ხშირ შემთხვევაში დაკავებებით სრულდებოდა.

ბრაუნაუს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ადოლფ ჰიტლერის სახლის პოლიციის განყოფილებად გადაკეთება ადგილს არასასურველი სტუმრებისგან დაიცავს.

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუს ცენტრში, მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებულ სამსართულიან სახლში 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა და ცხოვრების პირველი წლები გაატარა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღნიშნულ შენობაში ჯერ ბიბლიოთეკა, შემდეგ კი სკოლა იყო განთავსებული. 1972-2011 წლებში შენობაში კულტურული ცენტრი ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ რამდენიმე წელი კი შენობა უფუნქციოდ იყო, რადგან მისი მფლობელები ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ თანხმდებოდნენ.

ავსტრიის ხელისუფლებამ სახლის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოგვიანებით ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა. სახლის ყოფილ მფლობელებს კი კომპენსაციის სახით 810 ათასი ევრო გადაუხადეს.