ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა სამხედროები გააფრთხილა, რომ სოციალურ ქსელში მათ მიერ გავრცელებული ვიდეო, შესაძლოა, ირანს სამიზნეების განსაზღვრაში დაეხმაროს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ამერიკელი სამხედროები გააფრთხილა, რომ მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეოები, რომლებსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ, შესაძლოა, ირანს ამერიკული სამხედრო ბაზების სამიზნეების განსაზღვრაში დაეხმაროს.
„როიტერის“ ინფორმაციით, რეგიონში განლაგებულ ზოგიერთ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ტელეფონების ჩაბარება მოსთხოვონ. მსგავსი ნაბიჯი ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის კომუნიკაციის დამატებით შეზღუდვას ნიშნავს, რადგან ბევრი მათგანი მობილურ ტელეფონს ოჯახთან კავშირის შესანარჩუნებლად იყენებს.
კუპერმა განაცხადა, რომ ირანი თითქმის რეალურ დროში იღებს ინფორმაციას საკუთარი დარტყმების შედეგების შესახებ, მათ შორის მედიიდან და სამხედროების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით.
„ამ ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ფასი, შესაძლოა, ამერიკელი სამხედროების და სამიზნე ყურის ქვეყნების სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლე იყოს“, – განაცხადა კუპერმა.
როგორც „როიტერი“ წერს, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის თავდასხმის დროს თავშესაფრისკენ გადაადგილებას იღებდა.
„სამხედრო მოსამსახურის მიერ გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა ინსტაგრამზე და აჩვენებდა, სად და როგორ გადავიდა პირი ბუნკერში ირანის სარაკეტო და დრონების თავდასხმის დროს“, – აღნიშნა კუპერმა.
მისი განმარტებით, ირანისთვის, ჩვეულებრივ, რთული იქნებოდა გაეგო, რამდენად ეფექტური იყო მისი იერიშები, რადგან აშშ-ის სამხედროები იყენებენ თავდაცვით ტექნოლოგიებს. მისი თქმით, მედიაში გამოქვეყნებული დეტალური აღწერები და ანალიზები ფაქტობრივად ირანისთვის უფასოდ ასრულებს დარტყმების შედეგების შეფასებას.
„დეტალური საჯარო ინფორმაცია, შესაძლოა, ირანის ძალებისთვის პირდაპირი სიგნალი გახდეს, რომ განახორციელონ მეორე, შესაძლოა, ბევრად უფრო დამანგრეველი შეტევა“, – აღნიშნა კუპერმა.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ირანთან მიმდინარე კონფლიქტში უკვე დაიღუპა დაახლოებით 18 ამერიკელი სამხედრო, ხოლო 600-ზე მეტი დაშავდა.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის სამხედროებში მობილური ტელეფონების გამოყენების წესები მისიების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში სამხედროებს ტელეფონების შენახვა სპეციალურ ადგილებში უწევთ, ხოლო განსაკუთრებულ ოპერაციებზე მათი გამოყენება სრულად აკრძალულია.
აშშ-ის ოფიციალური პირები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ სამხედროებს, რომ მობილურ მოწყობილობებში არსებული გარკვეული აპლიკაციები, მათ შორის ფიტნესაპები, შესაძლოა, მოწინააღმდეგემ ადგილმდებარეობის დასადგენად გამოიყენოს.