ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულებისთვის ორი ახალი დაწესებულება მოეწყობა
ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულებისთვის ორი ახალი დაწესებულება მოეწყობა

პირებისთვის, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ორი ახალი დაწესებულება მოეწყობა, – აღნიშნულ ცვლილებას დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართა.

გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.

დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიგი ღონისძიებების გატარება დაიწყო. გეგმის მიხედვით, იზოლატორებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ელექტრონული ბაზის დახვეწა, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა, დაკავებულთა კვების გაუმჯობესება.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე დაიწყო სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა რეგიონში არსებულ იზოლატორებში.

ამავე გეგმით საწყის ეტაპზე ექვს მსხვილ იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის არსებული სისტემა ახლით შეიცვლება.