ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღსრულების ბიურო ბენეფიციარების მიმართ საქმეების აღსრულებას შეწყვეტს
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღსრულების ბიურო ბენეფიციარების მიმართ საქმეების აღსრულებას შეწყვეტს

ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლების შესახებ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „აღსრულების ეროვნული ბიურო“ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების, პენსიონერების, შშმ პირების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას შეწყვეტს.

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, შშმ პირებისა და მარტოხელა მშობლების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჯამში, პროექტი 33 000-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ შეწყვეტს წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების მიმართ, საუბარია 25 825 სააღსრულებო საქმეზე, მათ შორის პენსიონერების 3 093 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 484 847,62 ლარი; შშმ პირების 2147 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 400 522,93 ლარი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების 1756 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 052 344,49 ლარი; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების 135 სააღსრულებო საქმე ჯამურად- 50 288 ლარი.

კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.