ადმინისტრაციული სახდელებისაგან რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეები გათავისუფლდებიან
ადმინისტრაციული სახდელებისაგან რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეები გათავისუფლდებიან

2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან რამდენიმე კატეგორიის მოქალაქე გათავისუფლდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან – სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი (რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია), ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მარტოხელა მშობელი და დევნილი იმ შემთხვევაში, თუ მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

კანონპროექტში მოცემულია მონაცემები იმის თაობაზე, რამდენი პირია დაჯარიმებული. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაკისრებულ ჯარიმასა და საურავს აღარ გადაიხდიან: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 26 086 პირი (დავალიანება არის – 16 940 271.34 ლარი), 2 410 ასაკით პენსიონერი (დავალიანება არის – 1 891 593.1 ლარი), 2 196 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (დავალიანება არის – 1 469 339.72 ლარი) 1 215 ვეტერანი (დავალიანება არის – 666 381.21 ლარი), 134 მარტოხელა მშობელი (დავალიანება არის – 54 568 ლარი), 6 099 დევნილი -(დავალიანება არის – 2 644 383.18 ლარი).