ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს

12:25, 10.07.2026

„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პროექტის, ECO Georgia“-ს ფარგლებში, ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, ადგილობრივი სპეციალისტები მონაწილეებს ხე-ტყის დამზადების მთელ ციკლს – ტყეკაფის გამოყოფის, მერქნის პრაქტიკული დამზადებისა  და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (მოტორიანი ხერხი; მორსათრევი ტრაქტორი) უსაფრთხოდ გამოყენების ტექნოლოგიებს გააცნობენ.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატყეო სამეურნეო ღონისძიებები მაღალი რისკის შემცველია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლები ფლობდნენ შესაბამის ცოდნას როგორც სამუშაო უსაფრთხოების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის მასშტაბები ტყის რესურსებით მდგრადად სარგებლობის მიმართულებით“, – აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა, კობა სილაგაძემ.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარეობს. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და განმახორციელებელ პარტნიორს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებულია 14 მლნ ევროს საგრანტო ხელშეკრულება.

მსგავსი