ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უტყისუბანში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უტყისუბანში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სოფელ უტყისუბანში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა – საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ძირითადი მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა.

„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყო ტურისტული ბილიკები და საზაფხულო მოხალისეობრივი ბანაკები, რაც ერთობლიობაში რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, პროექტი სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ განხორციელდა, რისთვისაც 1 099 940 ევრო დაიხარჯა. ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.