ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს [ფოტო]

11:05, 24.07.2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მძიმე ტექნიკის დახმარებით განახლდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

როგორც ქიმაძემ აღნიშნა, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლების ჩასვლა, რათა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია მომავალში.

ამასთან, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს.

უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან ერთად, გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მერიის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი