ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა

23:46, 23.07.2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. როგორც ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაზიანდა ორი სახლი. მისივე ცნობით, ერთ-ერთი სახლიდან გასული წლის სტიქიის შემდეგ მოსახლეობა გასახლებული იყო.

როგორც ქიმაძე აცხადებს, ამ დროისთვის გზა გახსნილია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს.

„18:00 საათის შემდეგ დაიწყო ძლიერი წვიმა. ამ დროისთვის ჩვენი ტექნიკა გზაში იყო. გასულ წელსაც გვქონდა ჩვენ მსგავსი შემთხვევა და ტენდერი გამოცხადებულია. რამდენჯერმე ჩავარდა ეს ტენდერი და ამდენი ხანი ვერ მოხერხდა ამ ხევის მშენებლობა. ტექნიკამ შეძლო, კალაპოტში დააბრუნა ღვარცოფი, რაც მოედინებოდა. ორი სახლი დაზიანდა, ერთი სახლიდან უკვე გასახლებული გვყავდა მოსახლეობა. კომპენსაცია მიღებული აქვთ შარშანდელის გამო. დაიტბორა კიდევ ერთი სახლი, საიდანაც წყალი ამოტუმბა სამაშველო სამსახურმა.

გზა გახსნილია. ამ დროისთვის მოსახლეობას გადაადგილებაში ხელი არ ეშლება. არის დარჩენილი სამუშაოები, რომელიც ხვალ გაგრძელდება. გაიწმინდება კიდევ ხევი და გაღრმავდება. ტექნიკა პრევენციისთვის ადგილზეა დატოვებული, რომ განმეორდეს სტიქია, ადგილზე იყოს ტექნიკა. კონტროლის ქვეშ არის ყველაფერი, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ადიგენის მერმა.

მისივე თქმით, დახმარებას მთავრობას სთხოვენ, რათა ხვალ შესაბამისი სამსახურები ადგილზე ჩავიდნენ.

„ეს მთიდან შეგროვილი წყალია. რამდენიმე ბუნებრივი აუზ აქვს, იქ გროვდება და შემდეგ ხევში მოედინება. ეს ხევი იმდენად ვიწროა, რომ ძალიან მალე ივსება ღორღითა და ქვით, გადმოდის ნაპირზე და ეს იწვევს ამ სტიქიას. ჩვენ უნდა ვთხოვოთ მთავრობას, რომ შესაბამისი სამსახურები გამოუშვას. ხვალ წერილებს გავაგზავნით, იქ ჰიდროლოგები, გეოლოგები და მშენებლები უნდა იყვნენ. ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია ამ სტიქიის პრევენცია. ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ხევია და თუ დასკვნა იქნება იმის, რომ შეუძლებელია მისი გაკეთება, იმიტომ, რომ არაერთხელ გამოცხადდა ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე და არავინ იღებს მონაწილეობას მისი სირთულიდან გამომდინარე, იქნებ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ ხალხმა კომპენსაცია მიიღოს. სულ არის იქ ექვსი ოჯახი. მათგან სამს, შეიძლება, მომავალში დაემუქროს სტიქია, მაგრამ სჯობს, რომ ექვსივე მოსახლემ მიიღოს კომპენსაცია და თუ ის სახლები იქნება აღებული, ამ შემთხვევაში საშუალება იქნება, გასწორხაზოვნდეს ეს ხევი და შემდეგ პრობლემა აღარ იქნება.

ორი სახლი დაიტბორა ახლა, აქედან ერთს მიღებული აქვს კომპენსაცია და სახლი დატოვებული აქვს, იქ არ ცხოვრობს. მეორე სახლი შედარებით ნაკლებად დაიტბორა. აქ ცხოვრობენ, მაგრამ დღეს არ იმყოფებოდნენ სახლში, სხვა ქალაქში არიან. წყალი, რომელიც იყო ამ სახლში, უკვე ამოიტუმბა. ხვალ ალბათ ჩამოვა მეპატრონე და უკვე მათთან განვიხილავთ, ჩვენგან რა სახის დახმარება დასჭირდებათ“, – განაცხადა ადიგენის მერმა.

ფოტო – TOK2Region

მსგავსი