სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, ერევანში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა, ბლოკირებულია ქუჩები

11:42, 04.05.2022

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მესამე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილიდან ერევანში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა, ბლოკირებულია არაერთი ქუჩა და ხიდი.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სამშენებლო სპეცტექნიკით არის ჩახერგილი.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. ისინი მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.

როგორც მედია იუწყება, ამ წუთებში ჩახერგილია მოძრაობა ბაგრამიანის გამზირზეც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „სომხეთი ნიკოლის გარეშე“.

შეგახსენებთ, სომხეთში ანტისამთავრობო აქცია პირველ მაისს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომას ითხოვენ. აქტივისტების თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება და აქციები მთელ ქვეყანაში გაიმართება.

მსგავსი