ადგილობრივი მედიის ცნობით, გალის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა გუდაუთის რაიონის სოფლების, მწარასა და ფსირცხას ტყეში ცეცხლის კერების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია
ადგილობრივი მედიის ცნობით, გალის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა გუდაუთის რაიონის სოფლების, მწარასა და ფსირცხას ტყეში ცეცხლის კერების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, 5 იანვრის დღის მეორე ნახევარში ხანძრის კერები კვლავ გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ქარმა შეუწყო ხელი. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დამატებით მეხანძრეები მობილიზებული იყვნენ სოხუმიდან, აგუძერიდან და ოჩამჩირიდან, რის შედეგადაც ლიკვიდირება მოხერხდა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის ახალი კერების შედეგად სახლები და საცხოვრებელი შენობები არ დაზიანებულა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ გუდაუთის რაიონში, სოფელ ფსირცხას ტყეში ხანძარი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნიპრესსი“ გუდაუთის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ალხას კირტბაიას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანძარი სოფელ მწარას ტყეში გაჩნდა და სოფელ ფსირცხაში გავრცელდა. მოცემულ მომენტში ქარის დამსახურებით ხანძარმა მთის წვერისკენ გადაინაცვლა და საფრთხე დასახლებულ პუნქტებს ჯერ არ ემუქრება. თუ ქარის მიმართულება არ შეიცვლება, ხანძარი მთის წვერს მიაღწევს და სხვაგან არ გავრცელდება. ხანძრის ადგილზე სატყეო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებთანაც ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს“, – განაცხადა ალხას კირტბაიამ.

კირტბაიას თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენია საჭირო, რომელიც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ ჰყავს. მისი განცხადებით, რუსი კოლეგებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება ჯერ არ არის.