ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანიაში კერძო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
დანიაში, ქალაქ ორჰუსში, კერძო თვითმფრინავს აეროპორტში დაშვების დროს, ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „კოპენჰაგენ პოსტი“ ავრცელებს.
თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 მგზავრიდან შვიდი მათგანი ამერიკელი მომღერლის, პინკის ტურის მონაწილეები იყვნენ, დანარჩენი სამი კი, ეკიპაჟის წევრი იყო. თავად მომღერალი, რომელსაც ქალაქ ჰორსენსში კონცერტი აქვს დაგეგმილი, სხვა თვითმფრინავში იჯდა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.